თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტმა შაბათს დილით საერთაშორისო რეისების ნაწილის მიღება და გაშვება განაახლა. ირანული სახელმწიფო მედიის (IRIB) ინფორმაციით, პირველი ხომალდები თეირანიდან სტამბოლის, მასკატისა და მედინას მიმართულებით გაფრინდნენ.
აეროპორტის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა მას შემდეგ დააანონსა, რაც რეგიონში საჰაერო მიმოსვლა 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გამო თითქმის სრულად იყო პარალიზებული. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის საომარი მოქმედებები 8 აპრილიდან, პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, შეჩერებულია.
ამ დროისთვის ისლამაბადში დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება – იქ იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ხოლო აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, პაკისტანის დედაქალაქისკენ მიემართებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება, ექსპერტები პირდაპირი დიალოგის დაუყოვნებლივ აღდგენის შანსებს ჯერჯერობით დაბალად აფასებენ.










