გერმანიის რკინიგზის ოპერატორი, Deutsche Bahn-ი, 1 მაისიდან შორეული მიმოსვლის მატარებლებზე ბილეთის ფასებს გაყინავს და მათ უცვლელად ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. კომპანიის ხელმძღვანელის, ეველინ პალას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება Deutsche Bahn-ის „გადატვირთვის“ გეგმის ნაწილია. პალას თქმით, ამჟამინდელი პრიორიტეტი მატარებლების უწყვეტი მოძრაობა და გერმანიის მოსახლეობისთვის მგზავრობის ხელმისაწვდომობის შენარჩუნებაა. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს მატარებლების პუნქტუალურობის გაზრდასა და მგზავრებს შორის გერმანული რკინიგზის მიმართ ნდობის აღდგენას.

კონცერნი Deutsche Bahn-ი თავად განსაზღვრავს ტარიფებს ICE, Intercity და Eurocity ტიპის მატარებლებზე, თუმცა რეგიონულ გადაზიდვებზე სიტუაცია განსხვავებულია. რეგიონულ მარშრუტებზე ფასებს სატრანსპორტო ასოციაციები ადგენენ, რომელთაგან ბევრმა 2026 წლის დასაწყისში ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდა. ასევე გაძვირდა საერთოეროვნული Deutschlandticket-იც, რომელიც რეგიონულ ტრანსპორტში მოქმედებს. ბოლოს Deutsche Bahn-მა ფასები 2024 წლის ბოლოს, საშუალოდ 5,9%-ით გაზარდა, რაც ხელფასებისა და ენერგომატარებლების ხარჯების ზრდით იყო განპირობებული, მას შემდეგ კი კომპანია ფასების სტაბილურობას ინარჩუნებს.