ლონდონში ბაზირებულმა საინვესტიციო კომპანია M&G-მ სოფიის „ვასილ ლევსკის“ სახელობის აეროპორტის მოდერნიზაციისა და გაფართოების მხარდასაჭერად 70 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია დააანონსა. აღნიშნული თანხა მიემართება აეროპორტის კონცესიონერ კომპანია SOF Connect-ში, რომელიც სრულად ეკუთვნის გლობალურ ინფრასტრუქტურულ ინვესტორ Meridiam-ს. ბრიტანული კომპანიის მიერ გამოყოფილი ფინანსები ნაწილია უფრო ფართო, 450 მილიონი ევროს ღირებულების 22-წლიანი სტრატეგიული პროექტისა, რომელიც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან იქნა მოზიდული უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების კერძო განთავსების გზით.
მოზიდული კაპიტალი სრულად მოხმარდება სოფიის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახალი, მესამე სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. ინფრასტრუქტურის გაფართოება ბულგარეთის უმსხვილეს აეროპორტს საშუალებას მისცემს, ეფექტურად გაუმკლავდეს მგზავრთნაკადის ზრდას, რომლის კიდევ უფრო დაჩქარებაც ქვეყნის შენგენის ზონაში გაწევრიანებისა და ევროს მიღების შემდეგ არის მოსალოდნელი. საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი პროექტის განვითარების მიმართ ნდობის მკაფიო სიგნალია, მით უმეტეს, რომ M&G საავიაციო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და მის გლობალურ პორტფელში აეროპორტების დასაფინანსებლად 1,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგია გამოყოფილი.












