ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი (DGCA) გეგმავს, თავისი ოფიციალური პირები სიეტლში, კომპანია ბოინგის (Boeing) საწარმოში მიავლინოს, რათა მათ პირადად მიადევნონ თვალი ავიალაინერ Boeing 787 Dreamliner-ის საწვავის მართვის პანელის ტესტირებას. საუბარია იმ მოდულზე, რომელიც თებერვალში Air India-ს კუთვნილ ხომალდს ლონდონი-ბენგალურუს რეისის წინ, პილოტების მიერ შესაძლო დეფექტის დაფიქსირების შემდეგ მოეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბოინგმა და ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლებამ (CAA) წინასწარი შემოწმებით მოდული გამართულად მიიჩნიეს, ინდოეთის ხელისუფლება საკითხს „სენსიტიურად“ აფასებს და ლაბორატორიულ გარემოში გადამრთველების ჩამკეტი მექანიზმის დეტალურ ექსპერტიზას ითხოვს.
ეს გაძლიერებული ყურადღება პირდაპირ კავშირშია გასული წლის ივნისში გუჯარათის შტატში მომხდარ ავიაკატასტროფასთან, რომელმაც Air India-ს კუთვნილი Boeing 787-ის 260 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფის მიზეზი ძრავებისთვის საწვავის მიწოდების თითქმის ერთდროული შეწყვეტა გახდა, რამაც ეჭვები სწორედ აღნიშნული გადამრთველების მექანიკურ მდგრადობაზე გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ავიაციის ფედერალური სამმართველო (FAA) მომხდარში ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავს და აქცენტს პილოტების შეცდომაზე აკეთებს, ინდოეთის საგამოძიებო უწყებები საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელიც სწორედ მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება, მაქსიმალური სიზუსტის დაცვას და ნებისმიერი გარე წნევის გავლენით გადამრთველის თვითნებური მოძრაობის ალბათობის გამორიცხვას ცდილობენ.












