თურქეთის ფლაგმანი ავიაგადამყვანი Türk Hava Yolları (Turkish Airlines) დაარსებიდან 93-ე წლისთავს აღნიშნავს. კომპანიის ისტორია, რომელიც 1933 წელს სულ რაღაც 5 თვითმფრინავითა და 24 თანამშრომლით დაიწყო, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად იქცა. დღეისათვის თურქეთის ეროვნული გადამყვანი პლანეტის მე-9 უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც მყარად ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერობას მარშრუტების ქსელში შემავალი ქვეყნების რაოდენობით და ამ დროისთვის 133 სახელმწიფოს 358 მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან.
მიმდინარე, 2026 წელს, ავიაკომპანიის ავიაპარკი საიუბილეო, მე-500 ლაინერით შეივსო, რომელსაც „TK Aile“ („TK-ს ოჯახი“) ეწოდა. მის ფიუზელაჟზე კომპანიის 100 ათასი თანამშრომლის ფოტოა დატანილი, რომლებიც მილიონობით მგზავრის უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფენ მთელ მსოფლიოში. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კომპანიის ფლოტი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა — 2002 წელს არსებული 65 საჰაერო ხომალდიდან 2026 წლისთვის 536 თვითმფრინავამდე. საკუთარი ასწლოვანი იუბილესთვის, რომელსაც კომპანია 2033 წელს აღნიშნავს, Türk Hava Yolları ავიაპარკის 813 ხომალდამდე გაზრდას და მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების ტოპ-ხუთეულში შესვლას გეგმავს.












