2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისათვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები გაიხსნება, საუბარია ეგვიპტესა და საქართველოზე. ამ მიმართულებით აქტიური კონსულტაციები დაწყებულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას www.tourprom.ru ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამ მიმართულებების გახსნის სასარგებლოდ ახალმა კორონავირუსმა იმუშავა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭიროა ახალი მიმართულებების გახსნა. “ახალ მიმართულებებად” სწორედ რომ ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.

ექსპერტთა შეფასებით, ეგვიპტისა და საქართველოს მიმართულებით ჩარტერების დანიშვნაზე ჩინეთის ფაქტორი და კორონავირუსი იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო.

საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.