ნიდერლანდების ავიაკომპანია KLM Royal Dutch Airlines საკუთარ თანამშრომლებს კიევში ღამის თევას აუკრძალავს, რისი მიზეზიც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარებაა.

KLM ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. ვინაიდან კომპანიისთვის თანამშრომლების და მგზავრების უსაფრთხოება პრიორიტეტულია, KLM უსაფრთხო ფრენის მარშრუტების დასადგენად რისკების შეფასებისთვის სისტემას იყენებს. ზოგადად, ეს ანალიზი ეფუძნება ჯგუფის მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომელიც მოიცავს ნიდერლანდების ყველა კომერციულ გადამზიდველს.

”უსაფრთხო და ოპტიმალური მარშრუტების არჩევა ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. გადაწყვეტილებები, რომ არ გადავფრინდეთ კონკრეტულ ქვეყანაზე, მიიღება იმ დროისთვის არსებული განახლებული მონაცემების საფუძველზე“, – აცხადებს KLM-ის წარმომადგენელი.

KLM არ არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს რისკის მონიტორინგს უკრაინაში. მაგალითად, Ryanair-მა დაადასტურა, რომ შეამცირა ფრენების რაოდენობა ქვეყანაში. გარდა ამისა, Lufthansa-მ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა Austrian-მა და SWISS-მა შეცვალეს ზოგიერთი ფრენის დრო, რათა თავიდან აიცილონ ეკიპაჟის ღამისთევა.