ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-თვის თითოეული მგზავრის გადაყვანის ღირებულება 10-ჯერ აღემატება სარეკლამო ტარიფს – 5 ევროს. ეს აჩვენა ავიაკომპანიის ფინანსურმა ანგარიშგებამაც.​

2021 მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Ryanair-ს თითო მგზავრის გადაყვანა საშუალოდ 51 ევრო უჯდება. აღნიშნულ ტარიფში კი ყველაზე მეტი საწვავის ღირებულებაა, საუბარია საშუალოდ 19 ევროზე.

უფრო კონკრეტულად Ryanair-ის ხარჯი თითო გადაყვანილ მგზავრზე საშუალოდ ასე გამოიყურება:

  • საწვავი – 19,2 ევრო,
  • აეროპორტის გადასახადები და სახმელეთო მომსახურება – 8 ევრო,
  • პერსონალის ანაზღაურება – 6,2 ევრო,
  • საჰაერო ნავიგაცია – 5,5 ევრო,
  • თვითმფრინავის ცვეთა – 6,2 ევრო,
  • მარკეტინგი და დისტრიბუცია – 3,7 ევრო,
  • მოვლა და სათადარიგო ნაწილები – 2,2 ევრო,

სულ: 51 ევრო

იმავდროულად, საანგარიშო პერიოდში Ryanair-ის საშუალო შემოსავალი ერთ მგზავრზე 47 ევრო იყო. ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვიდან თითო მგზავრიდან 25 ევრო მიიღო. ავიაკომპანიის მომხმარებლებმა დამატებით მომსახურებაზე კიდევ 22 ევრო დახარჯეს, საუბარია ბარგის გადაზიდვა, დამატებითი ხელბარგი და თვითმფრინავში ადგილის არჩევა.

ასეთი მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში Ryanair-მა ვერ დაფარა ფრენის ხარჯები და მგზავრზე 4 ევრო დაკარგა.