“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა დისკრიმინაციული კარანტინის მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ გვერდის ავლაზე დღეს ბრიფინგი გამართა.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით მაშინაც კი თუკი ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია Wizz Air-ის ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში.

სწორედ მაშინ როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მიდის კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობის“ შემთხვევები მათ შორის იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა – მაგალითად რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა.“

კანდელაკის თქმით ევროპულ საქართველოს პრეტენზია აქვთ არა ამ მოქალაქეებთან არამედ მთავრობასთან.

„თუკი შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა რომლებიც გამწვანებული ქვეყნებიდან მოემართებიან?“ აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით დრაკონული აკრძალვების ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა.

„სულ ცოტა ხნის წინ Wizz Air-მა ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია,“ დასძინა კანდელაკმა.