საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა. კერძოდ, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავზე ფასი 2.5%-ით არის შემცირებული და მისი საშუალო ღირებულება ბარელზე თითქმის 173 დოლარს შეადგენს. ევროპის რეგიონში საწვავი უფრო ძვირი – 178 დოლარი ღირს. ბოლო თვეებში საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 100%-საც კი გადააჭარბა.
საავიაციო ნავთობის იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ივლისიდან ფასის შემცირებას ელოდება.
“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში ადგილი ჰქონდა საავიაციო საწვავის ინდექსის საგრძნობ მატებას, რის შედეგადაც ფასები გაიზარდა, დაახლოებით, 14%-ით. როგორც წესი, ნახტომისებურ ფასთა ზრდას მოსდევს ხოლმე დასტაბილურება და მცირედი კორექტირებები. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება/შემცირება არ არის ძირეული, ის აუცილებლად აისახება საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასთა განახლება ხდება თვეში ორჯერ და ის ავტომატურად მიბმულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებულ ინდექსის საშუალო მაჩვენებელთან, შესაბამისად, 1-ელი ივლისიდან მოსალოდნელია საავიაციო საწვავის ფასის შემცირება 1%-დან 2,5%-ის ფარგლებში”, – აცხადებს ანდღულაძე BMG–სთან.
“უკვე 21 წელია, რაც Georgian Petroleum საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვემსახურებოდით არაერთ ქართულ ავიაკომპანიას, ასევე სამთავრობო, სამხედრო თუ სატვირთო ავიაგადამზიდავებს, მაგრამ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მაინც არიან უცხოური სამგზავრო ავიაკომპანიები, როგორებიცაა: Lufthansa, Qatar Airways, Wizz Air, Fly Dubai, airBaltic, ISRAIR, Aegean Airlines, Air Arabia, Buta Airways და ა.შ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში შეინიშნება მნიშვნელოვანი გამოცოცხლება სამგზავრო გადაყვანებში, აღდგენილია თითქმის ყველა ის მიმართულება, რომელიც გვქონდა 2019 წელს. გარდა ამისა, ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიებიც. გაზრდილი მოგზაურობების შესაბამისად მზარდია მოთხოვნაც საავიაციო საწვავზე. გასულ წელთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 30%-იანი ზრდის ტემპი, რაც მიგვაახლოვებს 2019 წლის მაჩვენებელთან, თუმცა რომ არა უკრაინული რეისების შეჩერება, ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო”, – აცხადებს გიორგი ანდღულაძე.