ICAO-ს აუდიტის დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) შეისწავლა სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს შემოწმების შედეგები და აუდიტორების მიერ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები.
ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის საბოლოო დასკვნით, მაჩვენებლები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებზე მაღალია და შემოწმებული კომპონეტების მიხედვით ასე გამოიყურება:
• სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.51%-ი შეადგინა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 63.94%-ს შეადგენს;
• სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.81%-ს შეადგენს;
• ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა – 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 72.05%-ს შეადგენს;
• ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს 91.67%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 69.05%-ია;
• სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის (AIG) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი – 91.09% გახდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ კომპონენტში 55.81%-ია.