საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) უზბეკეთში მოღვაწეობა დაიწყო და ტაშკენტში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება IATA-სა და უზბეკეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და მიზნად ისახავს ავიაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან, რეგულატორებთან და ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებთან კოორდინაციის გაუმჯობესებას.

IATA-ს რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, რაფაელ შვარცმანმა აღნიშნა, რომ ოფისის გახსნა ავიაკომპანიებისა და აეროპორტებისთვის ასოციაციის ექსპერტებთან წვდომას გაამარტივებს, რაც გლობალური სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ქვეყანაში იგეგმება ურთიერთანგარიშსწორების სისტემის (BSP) დანერგვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საავიაციო დარგში ფინანსური ოპერაციების ციფრული ტრანსფორმაციის, ფრენების უსაფრთხოებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდისკენ.

საერთაშორისო ასოციაცია უზბეკეთს, მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მომავალ რეგიონულ საავიაციო ჰაბად განიხილავს. IATA-ს პროგნოზით, 2024-დან 2050 წლამდე ქვეყანაში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი საშუალოდ 3.3% იქნება, რაც მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია. დარგის განვითარების მთავარ პირობებად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, მათ შორის IOSA-ს უსაფრთხოების აუდიტის პროგრამის დანერგვა და ტაშკენტის, ბუხარისა და ურგენჩის აეროპორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება განისაზღვრა.