იაპონიის ავიახაზები (JAL) ტოკიოს ჰანედას აეროპორტში მაისის თვიდან მომსახურების სფეროში ჩინური წარმოების ჰუმანოიდურ რობოტებს ჩართავს. ახალი პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის ავტომატიზაციას და თანამშრომლებისთვის ფიზიკური დატვირთვის შემსუბუქებას.

იაპონიის საავიაციო ინდუსტრია ამ ნაბიჯს მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო დგამს, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდითა და შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული. ავიაკომპანიის გეგმით, სამომავლოდ რობოტები თვითმფრინავების დასუფთავებისა და სახმელეთო აღჭურვილობის მართვისთვისაც იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზოგიერთ აეროპორტში რობოტები უკვე აქტიურად მონაწილეობენ პატრულირებისა და საცალო ვაჭრობის პროცესებში.