საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 2026 წლის მარტში ავიასაწვავის ფასმა ბოლო 23 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106,6%-ით გაიზარდა. ფასების ასეთი მკვეთრი ნახტომის ძირითად მიზეზად ნავთობზე ფასის 43,1%-იანი მატება დასახელდა. დარგის სპეციალისტების განმარტებით, შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს სატვირთო გადაზიდვებზე გლობალური მოთხოვნის 4,8%-იანი კლება, რაც დიდწილად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით გამოწვეულ შეფერხებებსა და სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება.
განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთის ავიაგადამზიდავებს აქვთ, სადაც სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა 54,3%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა 52,4%-ით შემცირდა. IATA-ს გენერალური დირექტორი უილიამ უოლში აღნიშნავს, რომ ავიასაწვავის ფასი და მიწოდების სტაბილურობა უახლოეს თვეებში სექტორის მდგრადობისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა.
პარალელურად, გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. ევროპული გადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, რათა ახლო აღმოსავლეთიდან შემცირებული იმპორტი დააბალანსონ. გერმანიის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური კავშირი კი მთავრობას საწვავის მარაგების სახელმწიფო მონიტორინგისკენ და საჭიროების შემთხვევაში ნატოს ინფრასტრუქტურის გამოყენებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კეროსინის დეფიციტი ზაფხულის შვებულებების პერიოდში. ამავდროულად, ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ფინანსური კრიზისის დასაძლევად უკვე ითხოვენ მილიარდობით დოლარის სახელმწიფო მხარდაჭერას.










