ინციდენტი ინდური ავიაკომპანია GoAir-ის ბორტზე. მამაკაცს, რომელიც ნიუ დელი-პატნას რეისით მგზავრობდა, საპირფარეშო პილოტების კაბინაში აერია და ბორტზე დებოშის მიზეზიც გახდა.
როგორც ირკვევა მამაკაცი ადგა და გასასვლელისკენ გაემართა, სადაც საპირფარეშო ეგულებოდა. თუმცა პილოტების კაბინას მიადგა და კარის გაღებას შეეცადა. უმალვე მგზავრებმა ყვირილი ატეხეს და მამაკაცის შეჩერება სცადეს. შეხლა შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც.
GoAir-მა დებოშიორი მამაკაცი პოლიციას გადასცა. გამოძიებით დადგინდა, რომ კაცს საპირფარეშო პილოტების კაბინაში აერია. გაირკვა ისიც, რომ ეს მამაკაცი თვითმფრინავით პირველად მგზავრობდა. საბოლოოდ პოლიციამ მამაკაცი გაანთავისუფლა.
ინციდენტისას ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა.