საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მსოფლიოში ივნისში წლიური თვალსაზრისით 3,4%-ით შემცირდა, იუწყება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA).
IATA-ს მონაცემებით, ეს იყო ყველაზე მცირე კლება წლიური თვალსაზრისით 2022 წლის თებერვლის შემდეგ. წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 8,1%-ით შემცირდა.
2019 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 2.4%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობა 2019 წლის ივნისთან შედარებით 3,2%-ით, ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით 3,7%-ით შემცირდა.
საჰაერო ტვირთების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში – 6,5%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ეს მაჩვენებელი შემცირდა 3,6%-ით, აფრიკასა და ევროპაში – 2,8%-ით. ლათინურ ამერიკაში მაჩვენებელი 7,3%-ით გაიზარდა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში – 0,5%-ით.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საჰაერო ტვირთებისთვის რთული სავაჭრო გარემო გაუმჯობესდება, რადგან ინფლაცია შენელდება მთავარ ეკონომიკებში“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა განცხადებაში.