ღია და დახურული ბაზრები თურქეთის თითქმის ყველა ქალაქშია აშენებული, რომლებიც მრავალი სავაჭრო მაღაზიისგან შედგება. ეს გიგანტური ბაზრები გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ტრადიციებით, რის გამოც აქ ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღნიშნულ სავაჭრო დაწესებულებებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ახალი და ხმელი ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი ყველი, მაწონი, იოგურტი, ასევე შეხვდეთ სტუმართმოყვარე მოვაჭრეებს და ისიამოვნოთ იქ შექმნილი თბილი გარემოთი.

თურქეთში ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბაზარი არსებობს, თუმცა დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ რამდენიმეზე:

სტამბოლი

სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი) მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათას კაცს აჭარბებს.

აივალიქი, ბალიქესირი (Ayvalık, Balıkesir)

აივალიქი – ეს არის ულამაზესი ქალაქი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ბალიქესირის რაიონში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი ტრადიციული და მრავალფეროვანი ბაზრით, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და ადგილობრივი პროდუქცია და სუვენირები შეიძინოთ. აივალიქის ბაზარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გამოტანილი ბოსტნეული, ხილი, ასევე ისადილოთ და ამასობაში, თქვენი წვლილიც შეიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში.

სიაჩიკი, იზმირი ( Sığaçık, Izmir)

სიაჩიკი არის პატარა ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. აქ ფუნქციონირებს ადგილობრივი მწარმოებლების სავაჭრო ბაზარი, რომელიც ყოველ კვირას იხსნება და მზადაა მოემსახუროს კლიენტებს. იგი ტურისტებისთვის დღითიდღე ხდება მიმზიდველი და პოპულარული. აივალიკში ნახავთ უგემრიელესს მურაბებსა და ტკბილეულებს, დესერტებს, ასევე შეხვდებით სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამყიდველებს, ხელოსნებს, რომლებიც თავიანთ სულსა და გულს დებენ ამ საქმის გაკეთებაში.

ჯუმალიქიზიქი, ბურსა (Cumalıkızık, Bursa)

ეს სოფელი, რომელიც ქალაქ ბურსას აღმოსავლეთით, ულუდაღის მთის ძირში მდებარეობს, ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. მისი ისტორია ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების პერიოდიდან იწყება. ჯუმალიქიზიქში ყოველთვის ღიაა ბაზრები და დგას მრავალი დახლი, სადაც სოფლის ტრადიციულ და მრავალფეროვან პროდუქციას ყიდიან.

ტირე, იზმირი (Tire, Izmir)

ტირეს რაიონი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრია თურქეთში, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციული ბაზრით. ბაზარი ყოველ სამშაბათს იხსნება ლოცვით, რის შემდეგაც სოფლის მცხოვრებლები აწყობენ დახლებს, ერთად ლოცულობენ და გამოხატავენ მადლიერებას სიუხვისა და ნაყოფიერებისთვის. აქ ნახავთ ადგილობრივების მიერ წარმოებულ ბოსტნეულს, ხილს, ყველს, ზეითუნის ზეთს, კარაქს, და სხვ. ამასთან, საკვების გარდა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმლები, მძივები, საპონი, ლამაზი ხალიჩები, კერამიკული ნივთები და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში წლების წინ მრავალი ცივილიზაცია არსებობდა და მას მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. თურქეთის ხუთი დიდი ქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლი ტირეს რაიონში მდებარეობს.

ეკოლოგიური ბაზრები” (Ekolojik Pazarlar)

“ეკოლოგიური ბაზრები” – ეს არის ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების ბაზართა ერთობლიონა, რომელიც თურქეთში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. იგი არა მხოლოდ გარემოსდაცვით და კულტურულ მდგრადობას უწყობს ხელს, არამედ ათასობით ადამიანს აძლევს საშუალებას მიიღოს ორგანული საკვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხორბლის მწარმოებელი ასოციაცია ახორციელებს პროექტს – “100%-ით ეკოლოგიური ბაზრები”, რომლის ფარგლებშიც კარგად ფუნქციონირებს სტამბოლის, ბაქირქოის, შიშლის, იზმითისა და ქართალის დიდი ბაზრები.

საერთაშორისო ბაზრები

ბაზრის საერთაშორისო ქსელში თურქეთიდან შედის 4 მსხვილი ბაზარი, რომლის მიზანიც ჯანსაღ საკვებზე თავისუფალი და ხარისხიანი წვდომის უზრუნველყოფაა. ეს არის თარსუსის, შილეს, გოქჩეადასა და ფოჩას ბაზრები.