გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია Condor Airlines-ი, რომელიც სპეციალიზირებულია ტურისტულ მარშრუტებზე, 2025 წელს თავისი ფლოტიდან ყველა Boeing-ს გაიყვანს.

ავიაკომპანია ამჟამად Boeing-ის და Airbus-ს თვითმფრინავებით დაფრინავს. განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ Condor-ის ფლოტში დარჩება მხოლოდ ევროპული წარმოების Airbus-ის საჰაერო ხომალდები.

გერმანული ავიაკომპანია თავდაპირველად ანუ წელსვე Boeing 767-ის თვითმფრინავებით ოპერირებას შეაჩერებს. 2025 წელს კი ექსპლუატაციიდან ამოიღებს Boeing 757-ის თვითმფრინავებს, რითაც საბოლოოდ გაიყვანს საკუთარი ავიაპარკიდან Boeing-ის მიერ წარმოებულ თვითმფრინავებს.

აღსანიშნავია, რომ Condor-ს Boeing 757-ებთან დაკავშირებით სალიზინგო ხელშეკრულებები 2028 წლამდე აქვს, თუმცა თვითმფრინავების ხანდაზმულობის გამო ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენის დროულად შეწყვეტა გადაწყვიტა, იუწყება aero.de.

airfleets.net-ის ცნობით, გერმანული ავიაკომპანიის ფლოტში დარჩენილი სამი Boeing 767-ის საშუალო ასაკი 29 წელია, ხოლო Boeing 757-ის 24 წელი.

Condor-ი აპირებს მნიშვნელოვნად განაახლოს თავისი ფლოტი უახლოეს წლებში. ამისათვის მან Airbus-ს უკვე შეუკვეთა ახალი თაობის თვითმფრინავები – A320neo, A321neo და A330neo. ეს თვითმფრინავები ჩაანაცვლებს ძველ თვითმფრინავებს.

ირკვევა, რომ Condor-ის ფლოტის ზოგიერთი Boeing 757 შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინული ავიაკომპანიის Skyline Express-ის ფლოტში. 2023 წელს ავიაკომპანიამ მიიღო ორი Boeing 757, რომლებითაც ადრე გერმანელები სარგებლობდნენ. ახლა Skyline Express აქტიურად იყენებს ამ თვითმფრინავებს პოლონეთიდან ტურისტულ მარშრუტებზე.