თუშეთის მიმართულებით კერძო ფრენებზე მოთხოვნა არის და აქტიურ სეზონზე ის კიდევ უფრო გაიზრდება. თუშეთის მიმართულებით ფრენების სერვისს მომხმარებელს ავიაკომპანია Geosky აწვდია. კომპანია მზადაა ჩარტერული რეისები შეასრულოს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, სადაც ამის საშუალება არსებობს.

როგორც Geosky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე ამბობს, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ჯავშნები კომპანიაში აქტიურად შედის. არსებული ჯავშნების თანახმად, რამდენიმე დღის გამოკლებით, თითქმის გაწერილია ივნისის გრაფიკი.

როგორც ლიკა ქორთოშიძე აცხადებს, ჯავშნების მთლიან რაოდენობაში ადგილობრივი და უცხოელი მოქალაქეების წილი 50/50-ზეა.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ შიდა რეისების მხრივ ზაფხული ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებებია თუშეთი, ბათუმი, სვანეთი, ხევსურეთი და სხვა.

„ავიაკომპანია Geosky მომხმარებლებს შვეულმფრენით მომსახურების სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: ჩარტერული ფრენები, სადღესასწაულო ფრენები, როგორიც არის სქესის გაგება და ქორწილი. ჩვენს მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ სათავგადასავლო წინასწარ შედგენილ ტურებს ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებზე, რაშიც ცხადია კუთხური სამზარეულოს დაგემოვნებაც შედის. ეს კი საშუალებას იძლევა 1 დღის განმავლობაში მოგზაურმა მიიღოს ფრენის გამოცდილება, დაათვალიეროს საქართველოს ულამაზესი კუთხეები ციდან და სრულად შეიგრძნოს იქაური ტრადიციები და 1 დღიანი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად ექცეს.

მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია: თელავი-ალაზნის სათავე-დართლო (1 საათი თავისუფალი დრო) დიკლო-შენაქო-ომალო (2 საათი თავისუფალი დრო, სადაც ადგილობრივი მკვიდრი ხვდება სტუმრებს და თუშური კერძების მომზადების მასტერკლასს უტარებს და ვახშმით უმასპინძლდება)-თელავი. ასევე პოპულარულია სხვა მიმართულებები, როგორიც არის შატილი, სვანეთი“, – აცხადებს Geosky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
GeoSky მზადაა შვეულმფრენებით ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსაც მოემსახუროს და სკაი დაივინგის მიმართულებით გააქტიურდეს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Geosky-მ 2023-2024 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ზამთრის ტურისტულ სეზონთანაა თანხვედრაში, შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჰელისკის მიმართულებით მოთხოვნა ისეა გაზრდილი, რომ დაკვეთები, მომავალ სეზონზე უკვე აქტიურად კონტრაქტდება.

როგორც Geosky-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე განმარტავს, ავიაკომპანიის შვეულმფრენების ფლოტი გაცილებით მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს, რადგანაც დაგეგმილია კიდევ ერთი შვეულმფრენის დამატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის სეზონიდან GeoSky-ი მსურველებს უკვე 5 შვეულმფრენით მოემსახურება.

„სხვადასხვა კომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე მყარი შეკვეთებიც გვაქვს 2024 წლის სეზონისთვის. ამ შემთხვევაში, უცხოელები წინასაწრ ჯავშნიან, თუმცა 2022-2023 წლის ზამთრის სეზონმა დაგვანახა, რომ ჰელისკის მიმართულებით ინტერესი გაზრდილია ქართველი მოყვარული თუ პროფესიონალების მხრიდან. წინა სეზონებზე, თუ ძირითადად უცხოელი დამკვეთები გვყავდა, ახლა უკვე აქტიურად გვყავს ქართველი მომხმარებლებიც“, – აცხადებს ლიკა ქორთოშიძე.

მისი თქმით, Geosky-მ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ზამთრის სანავიგაციო სეზონი ჰელისკის მიმართულებით და მომავალი სეზონისთვის უფრო ინტენსიურადაც ემზადება და გაცილებით მეტი ადამიანის მომსახურებას გეგმავს, ამაში კი კომპანიას თავის მხრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა დაეხმარება.

„საქართველოში ზამთრის სეზონზე მიმდინარე ყველა პროექტში Geosky თავისი ვერტმფრენებით იყო ჩართული. ჩვენ ჩართული ვიყავით ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატშიც, სადაც ჩვენი შვეულმფრენი იდგა დაშავებულთა გადასაყვანად. სვანეთში ჰელისკის სეზონზეც აქტიურად ვიყავით წარმოდგენილი და Geo Sky-ი იყო ყველგან, სადაც სპორტსმენთა დაშვება იყო შესაძლებელი.

თუ 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე Geosky-ი ძირითადად ერთ პროექტზე ვმუშაობდით ბახმაროში, 2022-2023 წლის სეზონზე კი ვიყავით გუდაურშიც, სვანეთშიც, ბაკურიანშიც და ბახმაროში. ვიყავით იქ საიდანაც გვქონდა დაკვეთები. ჩვენი შვეულმფრენები მართლაც, რომ 100%-იანი დატვირთვით მუშაობდნენ. გასულ სეზონთან შედარებით მოთხოვნის კუთხით 70%-იანი ზრდა“, – აცხადებს ქორთოშიძე.