Georgian Airways-ში 2021 წლის 31 დეკემბერს გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, შესაბამისი განაცხადი ქართულმა ავიაკომპანიამ გასული წლის ბოლო დღეს დაარეგისტრირა. როგორც BM.ge წერს, განაცხადს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის განჩინება. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიას სხვადასხვა მხარის მიმართ 175 მილიონი ლარზე მეტი დავალიანება აქვს, ხოლო მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლიანა კაჟაშვილის მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიღებული განჩინებიდან ირკვევა, რომ COVID-19-მა და საზღვრების ჩაკეტვამ ავიაკომპანია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა და მას ვალდებულებების მომსახურება აღარ შეუძლია. შესაბამისად, Georgian Airways-ში გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყება მისი ფინანსური მაჩვენებლების დასტაბილურებას მოხმარდება და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანია სტრატეგიული მიმართულებებით (ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი, ასევე სეზონური ჩარტერები) ფრენების გაგრძელებას გეგმავს. პარალელურად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ავიაკომპანიას მრავალმილიონიანი ვალების მომსახურებისგან დაიცავს.

რა წერია Georgian Airways-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განჩინებაში:

“გადახდისუუნარობის თაობაზე განაცხადის წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21,378,262 ლარს. ამავდროულად კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175,854,075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.

შპს Georgian Airways-ს აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16,168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განაცხადზე დართული უწყისით.

განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაეფუძნება მოვალის საქმიანობის ისტორიული მაჩვენებლის გადამუშავებას და ანალიზს. რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს. მოვალის ძირითადი, მთელი წლის განმავლობაში მოგების მომტანი და ყველაზე უფრო სტაბილური მიმართულებებია: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი. გამოთვლები მეტი სიზუსტისთვის სწორედ ამ ყველაზე სტაბილური რეისების მაჩვენებლებს დაეყრდნობა. ეს ოთხი რეისი საშუალოდ ყოველ წელიწადში 7,319,472 აშშ დოლარის ოპერატიულ მოგებას მოიტანს, დამატებით მოვალე შეასრულებს სეზონურ რეისებს რომლებსაც ისტორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ყოველწლიური ოპერატიული მოგების 1,235,880 აშშ დოლარის მოტანა შეუძლია. ამ ოპერატიული მოგებიდან შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად,” – ნათქვამია დოკუმენტში.

პარალელურად, განჩინებით განსაზღვრულია იმ კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებსაც ევალებათ Georgian Airways-ს მიაწოდონ სერვისები, იმის მიუხედავად, რომ მათ მიმართ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი ვალები აქვს. მათ შორისაა UK Aircraft Limited-ი, რომლისგანაც Georgian Airways-მა 2016 წლის 5 ივლისს ბოინგ 737-ის მარკის თვითმფრინავის ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე კომპანია გააგრძელებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საწვავის მიღებას, ანალოგიური ვალდებულება დაეკისრა Shell Nederland-საც, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში საწვავის ოპერატორია. მომსახურების მიწოდების გაგრძელება დაევალა შპს “ტავ ურბან ჯორჯიას”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” მინსკის და ამსტერდამის აეროპორტებს და სხვა კომპანიებს.

Georgian Airways-ის 80%-იანი წილი ეკუთვნის ბიზნესმენ დავით გაიაშვილს, 20%-იანი წილი კი შპს “ჯორჯიან ეარ სერვისს”, რომლის 90%-იანი წილიც ეთერ გაიაშვილს, 10%-იანი წილი კი სოფიო გვენცაძეს ეკუთვნის. ავიაკომპანიის დირექტორია დავით გაიაშვილი, ხოლო სასამართლოს განჩინებით, გადახდისუუნარობისა/რეაბილიტაციის პროცესს ნატო პაპიაშვილი ზედამხედველობს.

ავიაკომპანია კრიზისამდე 275 ადამიანს ასაქმებდა.