სერბეთის ეროვნული ავიახაზების Air Serbia-ს ყოველთვიურ ჟურნალ ELEVATE-ში დაიბეჭდა მსოფლიო რუკა, რომელზეც საქართველო საერთოდ არ იყო აღნიშნული. უფრო მეტიც, რუკაზე საქართველოს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია მოქცეული.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისი სერბეთში/Kancelarija Ambasade Gruzije u Srbiji-მა უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება Air Serbia-ს ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე. როგორც ირკვევა, დიპლომატიურ ოფისს ჰქონდა კომუნიკაცია, როგორც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე კომპანია Air Serbia-სთან, მათი მხრიდან ამ ფაქტზე სასწრაფო რეაგირებისა და განმარტების მოთხოვნით.

კომპანია Air Serbia-მ ბოდიში მოიხადა მომხდარზე და განმარტა, რომ ეს არის მექანიკური ხარვეზი, რომელიც მომავალი თვის გამოცემაში აუცილებლად გამოსწორდება. საელჩოს ოფისმა კომპანიისგან და მისი აღმასრულებელი დირექტორისგან მოითხოვა ოფიციალური განმარტება მომხდარზე.

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციისას დიპლომატიურმა ოფისმა დააფიქსირა მოთხოვნა აღნიშნული ნომრის ხმარებიდან ამოღების, ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაში დაუყოვნებლივი შესწორების შეტანისა და ჟურნალის მომდევნო გამოცემებში შესწორებული რუკის გამოქვეყნების შესახებ.

დიპლომატიური ოფისი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას როგორც სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე Air Serbia-სთან, რათა მოკლე ვადაში უზრუნველყოფილი იქნას მომხდარზე სათანადო რეაგირება.