რუსმა ბიზნესმენმა ფელიქს დემინმა ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზე ვილის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ძველ Boeing 737-ში განთავსდება. 

მან საჰაერო ხომალდი უკვე გაკოტრებული ადგილობრივი ავიაკომპანია Mandala Airlines-გან იყიდა. თვითმფრინავი ჯერ დაშალეს და შემდეგ გადაიტანეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. საბოლოოდ კი მისი აწყობა 150 მეტრიან კლდეზე მოხდა. პროცესის დაგეგმარებას და დეტალების გათვლას დაახლოებით 2 თვე დასჭირდა, ხოლო თვითმფრინავის გადატანა კი 3 დღეში მოხდა. 

”მე ვნახე ეს თვითმფრინავი. ის იყო მიტოვებული და გამიჩნდა იდეა, რომ მისგან რამე საინტერესო გამეკეთებინა. თავდაპირველი იდეა რესტორანს უკავშირდებოდა, ხოლო შემდეგ იდეა ტრანსფორმირდა ვილასთან დაკავშირებით, რადგანაც მე სხვა ბიზნესიც მაქვს – ვილების მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად ძალიან ლამაზი ადგილი ვიპოვე და ყველაფერი ერთ სურათში გაერთიანდა”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ამ დროისთვის თვითმფრინავი უკვე აწყობილია და მასზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. აგარაკი 100კვ/მ-ს მოიცავს და მასში განთავსდება მისაღები ოთახი და ორი საძინებელი. პილოტების კაბინაში კი  აბაზანა დამონტაჟდება. 

ვილაში შესასვლელი არ არის გათვალისწინებული ჩვეულებრივი კარებით, არამედ შესვლა თვითმფრინავის ფრთის გასწვრივ მდებარე საავარიო გასასვლელითაა შესაძლებელი. ფრთის მეორე ნაწილზე კი ტერასა განთავსდება ოკეანისა და პლაჟის ხედით.

ბიზნესმენის თქმით, მან უკვე მიმართა Boeing-ის სპეციალისტებს, რათა დარწმუნდეს, რომ თვითმფრინავი უსაფრთხოდ არის დამონჯაჟებული კლდის კიდეზე, სადაც ხშირად ძლიერი ქარი შეინიშნება. ასევე, თვითმფრინავის აწყობის შემდეგ მის ფრთაზე ერთდროულად 30 ადამიანი ავიდა, რათა ყველა დარწმუნებული ყოფილიყო მდგრადობაში.

თვითმფრინავის სალონში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბიზნესმენი აპირებს, რომ  Boeing 737-ში განთავსებული ვილა-სასტუმრო გააქირაოს. მან ამ მიმართულებით რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ ლუდის კომპანიას სურს, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე ​​ერთი წლის განმავლობაში რეკლამა განათავსოს, რაშიც მზადაა 300 000 დოლარი გადაიხადოს.