Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა. ავიაკომპანიის ახალ ხელმძღვანელს კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ხვალ, 28 მარტს ოფიციალურად წარადგენს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996).

შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003). 2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში – ტამპას უნივერსიტეტში,  ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში.

ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში.  ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

პრესკონფერენციაზე თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის საავიაციო პოლიტიკაზეც ისაუბრებს და ასევე გააჟღერებს ავიაკომპანიის გამოწვევებსა და  სამომავლო გეგმებს.

ახალი ხელმძღვანელის წარდგენა და ბრიფინგი Georgian Airways-ის ​ სათაო ოფისში, 28 მარტს, 13 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. Georgian Airways-ს საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით.