სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის (სსუ) საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის სტუდენტებს სალექციო კურსს უტარებს.

საჰაერო სამართლის სასწავლო კურსის პროგრამა სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და შეესაბამება როგორც საქართველოს განათლების სამინისტროს, ისე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სასწავლო მოთხოვნებს. ერთ თვიანი სალექციო კურსი მოიცავს ჩიკაგოს კონვენციის, მისი დანართებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ასევე საავიაციო სფეროში მოქმედ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებისა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების ფუნქციებისა და რეგულირების ჩარჩოს ანალიზს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ტეფნაძის შეფასებით, საავიაციო უნივერსიტეტსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩაისახა. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ავიაკომპანიების მხარდაჭერის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულება ცდილობს მოიზიდოს პრაქტიკული გამოცდილების სპეციალისტები რათა სტუდენტების მომზადების დონე იყოს მაღალი.

ლევან კარანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ჩართვა სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. „ICAO-ს კვლევების თანახმად, 2030-35 წლებისთვის 600 ათასზე მეტ პილოტზე გაჩნდება მოთხოვნა გლობალურად და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ სფეროში მომავალი თაობის აღსაზრდელად ჩართულნი იყვნენ გამოცდილი კადრები რათა გავუზიაროთ ახალ თაობას ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა“. – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მაქსიმალურად უწყობს ხელს თანამშრომლების ჩართულობას პედაგოგიურ საქმიანობაში. სააგენტოს არაერთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი და სპეციალისტი კითხულობს სალექციო კურსს საავიაციო სასწავლო დაწესებულებებში.