Georgian Airways-ი Tav Georgia-ს ტარიფებს კაბალურს უწოდებს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ Tav Georgia კაბალური პირობებით მუშაობს და ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის, ფრენებს უზღუდავს.
თამაზ გაიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ TAV-ის მომსახურების სერვისი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„მთელი ცხოვრება ავიაციაში ვმოღვაწეობ, 25 წელია Georgian Airways-ს ვხელმძღვანელობ, გადასახადებს ვიხდი ქვეყნის სასარგებლოდ, ყველა წესის დაცვით. შარშან 20 მილიონის ინვესტიცია გავწიე იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს. ხალხს პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის შესაძლებლობა მივეცით დედაქალაქიდან. მინდა მეტი გავაკეთო, უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ფრენა ყველა მგზავრისთვის, ვცდილობ ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას. აღნიშნული დამოკიდებულება აეროპორტის მხრიდან კი არ მაძლევს საშუალებას ვაკეთო სახელმწიფოებრივი საქმე,“ – განაცხადა თამაზ
გაიაშვილმა.
Georgian Airways-ი ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე Tav Georgia-ს საწინააღმდეგო აქციას გამართავს.