ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” ბათუმი – თელ ავივი – ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. 7 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბრის ბოლო კვირა), რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები Boeing B737-ის, Embraer E190-ის და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დამატებითი სიხშირით ოპერირების ნებართვა “Georgian Airways”-ს 16 ივლისს მიენიჭა.
“Georgian Airways”-ის გარდა, ბათუმსა და თელ ავივს შორის რეგულარულ რესიებს ავიაკომპანიები “Arkia”, “Israir” და “EL AL Israel Airlines” ახორციელებენ.