1-ელი აგვისტოდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის სექტორშიც გააქტიურდება. ავიაკომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ახალი, განახლებული პროდუქტი საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს პროდუქცია ახალ ბაზრებზე გაიტანონ. Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა “საქმიან დილაში” სტურმრობისას განაცხადა, რომ ავიაკომპანია მეწარმეებს 17 მიმართულებაზე შესთავაზებს კარგო გადაზიდვებს.
“Georgian Airways-ი უზრუნველყოფს არა მხოლოდ მგზავრების გადაყვანას, არამედ მისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჰაერო ტვირთების გადაზიდვა. კომპანია 1-ელი აგვისტოდან შესთავაზებს ბაზარს, 17 მიმართულებაზე სადაც დავფრინავთ, ტვირთების გადაზიდვას განახლებული მოდელს.
საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვა ყველაზე ძვირადღირებული გადაზიდვაა, განსხვავებით სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებისგან. თუმცა დროის თვალსაზრისით ყველაზე სწრაფი სერვისია. იმ დროს როდესაც ქვეყანა ცდილობს, რომ უფრო მეტად განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, აწარმოოს მეტი პროდუქცია და გაიტანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს კარგი საშუალებაა მათთვის შეაღწიონ იმ ბაზრებზე, რომელიც აქამდე არ იყო გახსნილი და ასევე დამოკიდებულნი არ იყვნენ უცხოური ავიაკომპანიების ავიაგადაზიდვებზე, რადგანაც მათ თამაშის სხვა წესები აქვთ.
ჩვენ, აუცილებლად, პრიორიტეტს მივანიჭებთ ეროვნული წარმოების პროდუქტს და მათთვის განსაკუთრებული ტარიფები გვექნება, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის გასვლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ”, აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილეს ჩინეთის მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ ჩინეთ-ევროპის ბაზარი გაჯერებულია და დღეისათვის ჩინურ ავიაკომპანიები ევროპის მიმართულებით მეტ ავიარეისს ვეღარ განახორციელებენ. ამიტომ მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ საქართველო და ჩინეთიდან საქართველოს გავლით იფრინონ ევროპაში
“ხშირადაა საუბარი კარგო ჰაბის შექმნაზე. კარგო ჰაბის კონცეფციაც სწორედ აქედან იწყება, შენ უნდა გყავდეს რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელიც შეძლებს სხვა ავიაკომპანიებთან ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას, მათი სივრცის გამოყენებას, საკუთარი სივრცის დათმობას”, აცხადებს თანდაშვილი და საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის კლებაზე აკეთებს აქცენტს, რასაც სისტემურ პრობლემას უფრო კონკრეტულად კი ტერმინალებში მაღალ ფასს უკავშირებს.
“ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები ვაწარმოებთ ტერმინალებთან, რაც გაუადვილებს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან მეტი პროდუქციის გატანა. ამიტომ ავიაკომპანიამ სტრატეგიულად მიიჩნია ამ პროდუქტის განვითარება”. აცხადებს Georgian Airways-ი კომერციული დირექტორის მოადგილე.