ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელიც რამდენიმე თვეა რაც ბაზარზეა, იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით იმ TOP-5 ავიაკომპანიაშია, რომლებიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ყველაზე მეტ ტვირთს მოემსახურნენ.
სამი კვარტლის მაჩვენებლებით Georgian Airways Cargo თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 589,669 ტონა ტვირთს მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებლებით კი სატვირთო ავიაკომპანია “შესანიშნავ ხუთეულში” მეხუთე პოზიციაზეა, რაც რამდენიმე თვის წინ შექმნილი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია.
Georgian Airways Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით მხოლოდ სექტემბერში 133,431 ტონა ტვირთი გადაზიდა.
სექტემბერში Georgian Airways Cargo-მ 29 რეისი შეასრულა, იანვარ-სექტემბერში კი 96 რეისი.
2021 წლის მაისში ავიაკომპანიას გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისსა და ივლისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა მეოთხე პოზიციაზე იყო, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მესამე პოზიციაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ Georgian Airways Cargo-ს მენეჯმენტი ბაზარზე წილის ზრდაზე აქტიურად მუშაობს და უკვე საკმაოდ ცნობილ სატვირთო ავიაგადამზიდავებთან კონკურენციით უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას აპირებს. ამ მიზნისათვის კი ავიაკომპანიაში ახალი საჰაერო ხომალდის შემოყვანაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.