2021 წლის სექტემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სექტემბერში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 433,478 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. სექტემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 166,254 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით სექტემბრის განმავლობაში 133,431 ტონა ტვირთი გაატარა. სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ რამდენიმე თვეა რაც შეუერთდა და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს.

დღეისათვის Georgian Airways Cargo-ს ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ. 2021 წლის მაისში ავიაკომპანიას გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისსა და ივლისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა მეოთხე პოზიციაზე იყო, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მესამე პოზიციაზე.

სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელიც პირველად სექტემებრისსტატისტიკაში გამოჩნდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, Myway Airlines-ი სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 91,907 ტონა ტვირთი გადაზიდა. 

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2021 წლის სექტემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 38 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Georgian Airways Cargo;

Myway Airlines;

Easy Charter;