ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი მე-6 ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია მოიპოვა.

არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.

ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.

ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.

EASA-ს ავტორიზაციის შემდეგ Georgian Airlines-თვის ევროპის კარი ფართოდ იღება და მას საქართველოდან ევროპაში რეგულარული რეისების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. Georgian Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წლიდან თებერვლიდან ოპერირებს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ორ საჰაერო ხომალდს. რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.

Georgian Airlines-ი რიგით მეექვსე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წელს EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა Georgian Airways-მა და TCA-მ მოიპოვეს, 2018 წელს კი ავიაკომპანიებმა GEO SKY-მ და Myway Airlines-მა, 2021 წელს Easy Charter-მა, ხოლო მიმდინარე წელს Georgian Airlines-მა. აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი ერთ-ერთი პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია ოპერირების დაწყებიდან სამთვეში მიიღო. 

ცნობისათვის, 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არა-ევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.