რამდენად პრესტიჟულია ბორტგამცილებლის პროფესია და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ბორტგამცილებელს? AviaNews-ის შეკითხვებს ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის ბორტგამცილებელი ნინო მეტონიძე პასუხობს.

– რა იყო თქვენი, როგორც ბორტგამცილებლის ინსპირაციის  წყარო?

– მოგზაურობის დიდი სურვილი, სიახლეებისკენ და სამყაროს ჩემებურად შეცნობის ინტერესი. .ს. თავგადასავლების მაძიებლობა

– რა განსხვავებაა ბიზნეს ფრენებსა და რეგულარულ ფრენებს შორის სერვისის თვალსაზრისით.

– პრემიუმ კლასის მგზავრისთვის აღსანიშნავი დეტალია დრო, რომლის დაზოგვაც მარტივადაა შესაძლებელი. მგზავრს არ უწევს საზღვარზე ლოდინი, გაფრენის დრო და თარიღი სრულიად მასზეა მორგებული, თავად შეუძლია შეარჩიოს სასურველი საკვები და სასმელი. სალონი აღჭურვილია კომფორტული სავარძლებით, რომელთა საზურგეც შეგიძლიათ დაარეგულიროთ 180 გრადუსამდეც კი, სავარძლის ასეთი დახრილობა და რიგებს შორის გაზრდილი მანძილი ფრენის დროს მგზავრს საშუალებას აძლევს სრულიად დაისვენოს და თავი კომფორტულად იგრძნოს, მის განკარგულებაშია მთლიანი ბიზნეს ჯეტი. ეს არის პრემიუმ მომსახურების მთავარი პრიორიტეტი.

– რატომ არის ბორტგამცილებლის პროფესია ასეთი მიმზიდველი? 

– ეს არის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პროფესია, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ხალხზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებს, ხარ თავგადასავლების მოყვარული, მაშინ ეს პროფესია შენთვისაა.

 –  რა არის ბორტგამცილებლის ძირითადი ფუნქცია?

– მგზავრის უსაფრთხოებაზე, მაღალი დონის მომსახურეობასა და მის კომფორტზე ზრუნვა.

– რა განსხვავებულ უნარებს უნდა ფლობდეს ბორტგამცილებელი?

– უპირველეს ყოვლისა, ეკიპაჟი  პასუხისმგებელია მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე, მას უნდა გააჩნდეს სტრესულ სიტუაციებში გამკლავების უნარი. იგი უნდა იყოს თავდაჯერებული, კეთილგანწყობილი, თავაზიანი, კომუნიკაბელური, მტკიცე და ძლიერი ხასიათის მქონე.
ვფიქრობ, კეთილგანწყობა და სწორი მიდგომა მთავარი გასაღებია.

– პროფესია ბორტგაცილებლის მოთხოვნები და თავისებურებები.

– ინტერესი ავიაციის სფეროსადმი,  დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისი ასაკი და სიმაღლე, გარეგნობა, გამართული მეტყველება, მტკიცე ხასიათი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ პროფესიის მოთხოვნებს თან ახლავს.

– რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ბორტგამცილებელი? 

– ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც მიზნად დავისახე და ავიხდინე. ინსპირაციის წყარო მამაჩემია, რომელიც პროფესიით ავიამშენებელია, ფრენაც ასე ძალიან მან შემაყვარა. ყოველთვის მხიბლავდა ლამაზ ფორმაში გამოწყობილი, თავდაჯერებული ეკიპაჟის წევრები. მინდოდა მეც ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი, დღეს კი ჩემი გამოცდილება 8 წელზე მეტს ითვლის, მიყვარს და ვაფასებ ჩემ პროფესიას, სხვაგვარად ამ სფეროში ყოფნა შეუძლებლად მიმაჩნია.

– რატომ ბიზნეს-ავიაცია, თქვენი როლი/ფუნქცია ბიზნეს-ავიაციაში?

– ჩვენი კომპანიისა და  ეკიპაჟის წევრებისთვის ბიზნეს-ავიაცია გამორჩეულია, ეს არის პრემიუმ სერვისი, სადაც გეძლევა შანსი საკუთარი პროფესია ხელოვნებად აქციო, გასცდე სტანდარტებს და გამოიყენო იმპროვიაზიის უნარი, მაქსიამლურად იყო ორიენტირებული მგზავრის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, ამასთან ერთად, გეძლევა შესაძლებლობა გაეცნო უამრავ სხვადასხვა კულტურის მატარებელ ხალხსა და ქვეყანას. ეს ხომ ძალიან საინტერესოა.

– როგორია ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს  (TCA Airlines) სტანდარტები და თავისებურებები? რა გამოგარჩევთ საქართველოს სხვა ავიაკომპანიებისგან სერვისის კუთხით?

– ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს მთავარი ღირებულება მგზავრია, ჩვენი გუნდი სრულიად მორგებულია მათ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, მრავალწლიანი საფრენოსნო გამოცდილება კი გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ შესაბამისი პირობები.

– როგორი ადამიანი ვერ იმუშავებს ბორტგამცილებლად?

– ადამიანი, რომელსაც არ უყვარს წესრიგი, არ აქვს მტკიცე ხასიათი და კარგი ნერვული სისტემა, რომელიც არ არის მზრუნველი და კეთილგანწყობილი ხალხის მიმართ. ვისაც ფრენის შიში აქვს ან მსგავსი ფობიები აქვს.

– რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი აქვს?

– თუ ბორტგამცილებლობა გსურთ, უნდა გიყვარდეთ ავიაცია და მზად იყოთ სხვადასხვა სახის თავგადასავალისათვის და მკაცრი რეჟიმისთვის. თუკი ნამდვილად გსურთ დაეუფლოთ ამ პროფესიას, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა სცადოთ, გადადგათ ნაბიჯები წარმატებული მომავლისთვის და არასდროს დანებდეთ.
მთავარია მიზანი და მისკენ მიმავალი გზა. გააკეთეთ სწორი არჩევანი.

– რა თვისებები შეიძინეთ მუშაობის პერიოდში?

– გავხდი კიდევ უფრო მზრუნველი ვიდრე ვიყავი, ვისწავლე ადამიანების მოსმენა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვა, დეტალების მიმართ გავხდი მეტად ყურადღებიანი, გამომიმუშავდა რთულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტაციის უნარი, შევისწავლე პირველადი დახმარება, რამაც გამიზარდა სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ..

– როგორ უმკლავდებით დაუმორჩილებელ მგზავრებს? 

– ვფიქრობ, ყველაზე კარგი საშუალება ამ დროს საუბარი და სწორი მიდგომაა.

– როგორ ეკონტაქტებით მგზავრს, რომელიც არ საუბრობს არცერთ საერთაშორისო ენაზე?

– საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას  მგზავრთან კონტაქტი, თუკი ის არ საუბრობს საერთაშორისო ენაზე. ვიყენებ   ე.წ  “Body Language”- სხეულის ენას, რომლის შემსწავლელი კურსიც არაერთხელ მაქვს გავლილი და  ეს სწორედაც ის ერთ-ერთი ცოდნაა, რომელიც ავიაციაში მუშაობისას შევიძინე.