2019 წელს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA 7 მლნ 963 ათას 600 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.6%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
როგორც avianews-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, მგზავრთნაკადის შემცირება, ფრენის პროგრამის ცვლილების ფონზე მოხდა, რაც ავიაკომპანიის მომგებიან ზონაში დაბრუნებას უკავშირდებოდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, FlyUIA-მ ზრდა აჩვენა შიდა, შორმაგისტრალურ და ჩარტერულ რეისებზე. გასულ წელს უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა მხოლოდ საშუალომაგისტრალურ რეისებზე.
2019 წელს ჩარტერულ ავიარეისებზე FlyUIA 1 მლნ 26,9 ათას მგზავრს (+15,4%) მოემსახურა, გრძელმაგისტრალურ რეისებზე 662,7 ათას მგზავრს (+9,7%), ხოლო შიდა რეისებზე კი 960,4 ათას (+2,3%) მგზავრს. რაც შეეხება საშყალომაგისტრალურ რეისებს 2019 წელს FlyUIA 5 მლნ 313,6 ათას (-4,7%) მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე FlyUIA-ს რეგულარული და ჩარტერული რეისებით სულ 210 ათას 761 მგზავრს მოემსახურა.
2019 წელს ავიაკომპანიამ სულ 58,6 ათასი რეისი განახორციელა, რაც 4,6%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
FlyUIA-ში განმარტავენ, რომ სავარძლების დატვირთულობის კოეფიციენტი 2019 წელს 1,3%-ით გაიზარდა და 81,8%-ი შეადგინა. მაქსიმალური დატვირთულობამ (92,1%) შეადგინა ჩარტერულ ავიარეისებზე. საშუალომაგისტრალურ რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტი 80,8%-ი იყო, ხოლო გრძელმაგისტრალურ რეისებზე კი – 79,6%-ი. შიდა რეისებზე დატვირთულობის მაჩვენებელი 2019 წელს 79,1%-ის დონეზე იყო.
2019 წელს FlyUIA-ს მგზავრთნაკალდში 50.5%-ი ტრანზიტული მგზავრი იყო. 2018 წელს კი ანალოგიურმა მაჩვენებელმა 52,6%-ი შეადგინა.