ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინოს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა.

პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, ევროკავშირმა გამოაქვეყნა სია იმ ქვეყნებისა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია კარანტინის გარეშე და ამ ჩამონათვალშია საქართველოც.

„ამ ფონზე, როცა ევროკავშირი ჩვენ გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები. მთავრობის გადაწყვეტილება რეგულარული ფრენები არ აღდგეს, ეხება ევროკავშირის ისეთ წევრებსაც, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა“, – განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატის თქმით, უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული და დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით გახსნას რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან იმ წევრ სახელმწიფოებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალიან კარგი, ან კარგია. კანდელაკმა ასეთი ქვეყნებს შორის დაასახელა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და პოლონეთი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებითვე, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მოიტყუა, როცა თქვა რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ფრენები რეგულარულად ხორციელდება: „ეს ფრენები ხორციელდება არცთუ ისე ხშირად და არის ჩარტერული, საკმაოდ მაღალი ფასებით და დღესდღეობით, საქართველოდან რეგულარული ფრენები არსად არ ხორციელდება“.

29 ივნისს, ბათუმში, მედიასთან საუბრისას გიორგი გახარიას არ უხსენებია არც სიტყვა რეგულარული და არც ჩარტერული. მან თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და პირიქით ავიარეისები სრულდება: „დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, საზღვრები ფრთხილად გაიხსნას. გახარიამ სპეკულაციები უწოდა ოპონენტების განცხადებებს რეგულარული ავიამიმოსვლის გადადების შესახებ და თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობაა: „არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში არის სერიოზული აფეთქება ბევრგან. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და არაფერი ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება“.

საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულიდან შეჩერებული რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას 1 აგვისტომდე არ აპირებს.

წყარო: რადიო თავისუფლება