ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოში (14 აგვისტოს მდგომარეობით) ყველაზე ნაკლები ფრენა სრულდება. Eurocontrol-ის ცნობით, საქართველოში 2-კვირიან პერიოდში (31 ივლისიდან 14 აგვისტომდე) ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და დღიურად 15-ს მიაღწია (მოფრენა-გაფრენა). სომხეთში ეს მაჩვენებელი 143%-ით გაიზარდა დღიურ 17 ფრენამდე, მოლდოვაში კი 36%-ით – 34 ფრენამდე.

14 აგვისტოს მდგომარეობით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფრენა დიდ ბრიტანეთში შესრულდა (3019 ფრენა, 31 ივლისთან შედარებით +19% ), მეორე ადგილზე გერმანიაა (3017 ფრენა, +5%), მესამეზე კი საფრანგეთი (2842, უცვლელია).

როგორც ცნობილია, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ოქტომბრამდე დახურულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან. 

რეგულარული საერთაშორისო ფრენების გახსნის უკვე მეექვსე გადავადებას სოციალურ ქსელში დიდი პროტესტი მოყვა.