ევროპარლამენტმა (EP) დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ავიაციის სექტორში გაზარდოს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის (SAF) გამოყენება, როგორიცაა ბიოსაწვავი ან წყალბადი. ავიაციის ახალი წესები – RefuelEU – ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა 518 ხმით, 97 წინააღმდეგ.
“ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ავიაციის დეკარბონიზაციისკენ. ახლა დროა ევროკავშირის მთავრობებმა განახორციელონ ახალი წესები და მხარი დაუჭირონ ინდუსტრიას, რათა უზრუნველყონ სუფთა საავიაციო საწვავის ხარჯთეფექტური დანერგვა ევროპაში, ასევე მიაღწიონ ევროკავშირის კლიმატის მიზნებს”, – თქვა ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ესპანელმა ევროპარლამენტარმა ხოსე რამონ ბაუსა დიასმა.
ევროპარლამენტარებმა დაადგინეს თვითმფრინავის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის დანერგვის ამბიციური ვადები, რაც ავალდებულებს ევროკავშირის აეროპორტებსა და მომწოდებლებს, უზრუნველყონ, რომ 2025 წლიდან თვითმფრინავის საწვავის მინიმუმ 2% იყოს მწვანე. უფრო მეტიც, ეს წილი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გაიზარდოს: 6% – 2030 წელს, 20% – 2035 წელს, 34% – 2040 წელს, 42% – 2045 წელს და 70% – 2050 წელს.
გარდა ამისა, საწვავის ნარევის გარკვეული წილი (1.2% 2030 წელს, 2% 2032 წელს, 5% 2035 წელს, თანდათან მიაღწევს 35% 2050 წლისთვის) უნდა შედგებოდეს სინთეზური საწვავისგან, როგორიცაა E-ნავთობი, ან “ელექტრონული ნავთი”.
რეციკლირებული საავიაციო საწვავი, რომელიც დამზადებულია გამონაბოლქვი აირებისა და პლასტმასის ნარჩენებისგან, ასევე ითვლება მწვანედ.
ევროპარლამენტარები ირწმუნებიან, რომ საკვების, პალმის და სოიოს ზეთისგან მიღებული საწვავი არ იქნება კლასიფიცირებული, როგორც “მწვანე”, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ მდგრადი განვითარების კრიტერიუმებს.
პარლამენტარები თავიანთ განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნევენ, რომ მათ „შეძლეს „განახლებადი“ წყალბადის ჩართვა საწვავის ნარევში მდგრადი განვითარებისთვის – პერსპექტიული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია თანდათანობით შეუწყოს ხელი საჰაერო ტრანსპორტის დეკარბონიზაციას.
RefuelEU საავიაციო წესები არის Fit for 55 პაკეტის ნაწილი, ევროკავშირის გეგმა, შეამციროს სათბური გაზების ემისიები 2030 წლისთვის, 1990 წელთან შედარებით, მინიმუმ 55%-ით.
ევროკავშირის საბჭოს მიერ კანონის დამტკიცების შემდეგ, ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ზოგიერთი დებულება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.