ავსტრალიურმა პორტალმა Canstar-მა 125 ათასზე მეტი მგზავრის გამოხმაურება გააანალიზა და მსოფლიოს 100 საუკეთესო ავიაკომპანია კვების ხარისხის მიხედვით დააჯგუფა. რეიტინგის სათავეში ბერძნული ავიაკომპანია Aegean მოექცა, რომელმაც 10-დან 7,82 ქულა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მხოლოდ 83 ხომალდს ფლობს, მან ისეთ გიგანტებს აჯობა, როგორიცაა მეორე და მესამე ადგილზე გასული Qatar Airways და სამხრეთკორეული Asiana Airlines. ექსპერტების შეფასებით, Aegean-ის წარმატება რეგიონული კოლორიტის მქონე ახალმა კერძებმა და ავთენტურმა ბერძნულმა სტუმართმოყვარეობამ განაპირობა.
საინტერესოა, რომ რეიტინგში მაღალი პოზიციები დაიკავეს სხვა შედარებით მცირე ავიახაზებმაც: Kuwait Airways მე-9 ადგილზეა, Garuda Indonesia მე-10-ზე, ხოლო Azerbaijan Airlines 21-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ამერიკულ ავიაკომპანიებს, მათ საკმაოდ სუსტი შედეგები აჩვენეს – აშშ-ის სახელით ყველაზე მაღალ, მე-18 ადგილზე JetBlue გავიდა. აღსანიშნავია, რომ კვლევამ ბიზნეს და ეკონომ-კლასის კვება ცალ-ცალკეც შეაფასა. ბიზნეს-კლასში პირველობას Swiss, Lufthansa და Qantas ინაწილებენ, ხოლო ეკონომ-კლასში ლიდერი Turkish Airlines გახდა, რომელსაც Air Algérie და Emirates მოჰყვებიან.
კვლევაში ასევე აღნიშნულია Aegean-ის ფრენების განრიგი ისრაელის მიმართულებით. ირანთან ომის გამო შეჩერებული რეისების ნაწილობრივი აღდგენა 21 მაისიდან იგეგმება. რაც შეეხება უშუალოდ ისრაელის ავიახაზებს, ისინი წარმოდგენილ რეიტინგში ვერ მოხვდნენ.












