გერმანიის ქალაქ ფრანკენტალის სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც პაკეტური ტურით (Pauschalreise) მოსარგებლე მოგზაურთა უფლებებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის დაკარგვა ან დაზიანება არა მხოლოდ ნივთების კომპენსაციის საფუძველია, არამედ ტურის ღირებულების შემცირების მიზეზიც.
კონკრეტული შემთხვევა ეხება ხუთსულიან ოჯახს, რომელმაც თურქეთში „All-inclusive“ ტური დაჯავშნა. გამგზავრებისას მათ ერთი ჩემოდანი დაეკარგათ, ხოლო საბავშვო ეტლი მნიშვნელოვნად დაუზიანდათ. ოჯახს ადგილზე სამი მცირეწლოვანი ბავშვისთვის საჭირო ტანსაცმლისა და ნივთების სასწრაფოდ შეძენა მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ტუროპერატორმა პირველადი ხარჯების ნაწილი აანაზღაურა, მშობლებმა სასამართლოს მიმართეს.
მოსამართლის განმარტებით, ტუროპერატორი პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროსა და კვებაზე, არამედ ბარგის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზეც. ბარგის დაკარგვა ჩაითვალა „მოგზაურობის ნაკლოვანებად“, რადგან დასვენების ნაცვლად მგზავრებს დროის ხარჯვა პრობლემების მოგვარებასა და ნივთების ძებნაში მოუწიათ. შედეგად, ტუროპერატორს დაეკისრა ტურის საერთო ღირებულების 35%-ის დაბრუნება, რამაც კომპენსაციასთან ერთად, ჯამში, თითქმის 5 000 ევრო შეადგინა.

![ჰჰ]](https://avianews.ge/wp-content/uploads/2026/04/hh-640x480.jpg)










