ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში საკუთარ ბაზას აუქმებს. მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია გერმანიის დედაქალაქიდან შვიდივე ბაზირებულ ხომალდს გაიყვანს, რის შედეგადაც ბერლინის მიმართულებით ფრენების რაოდენობა 50%-ით შემცირდება. კომპანიის ხელმძღვანელობა პირდაპირ აცხადებს, რომ გერმანიის ბაზარი ბიუჯეტური გადაზიდვებისთვის ზედმეტად ძვირი გახდა, რაც მათ ოპერირებას წამგებიანს ხდის.
გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი აეროპორტის მიერ მოსაკრებლების მორიგი ზრდა გახდა. Ryanair-ის ხელმძღვანელმა ბერლინის აეროპორტს „გაუმართლებლად ძვირი“ და „მილიარდიანი ჩავარდნილი პროექტი“ უწოდა. ბაზის დახურვა პირდაპირ აისახება დასაქმებულებზეც — სამუშაო ადგილს დაახლოებით 200 პილოტი და ეკიპაჟის წევრი დაკარგავს, რომლებსაც კომპანია ევროპის სხვა ბაზებში გადაყვანას შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბაზარზე ოპერირებას სხვა ლოუკოსტერებიც, მათ შორის EasyJet-ი და Wizz Air-ი ამცირებენ. მაღალი აეროპორტის მოსაკრებლების, სახელმწიფო გადასახადებისა და საწვავზე მზარდი ფასების ერთობლიობა აიძულებს ავიაკომპანიებს, საკუთარი რესურსები ევროკავშირის უფრო იაფ ქვეყნებში გადაანაწილონ. მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ საავიაციო სექტორზე საგადასახადო ტვირთს შეამსუბუქებს, ბაზრის რეაქცია ამ ეტაპზე ნეგატიური რჩება.












