დაბალი ფასები არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, – აცხადებს easyJet-ის აღმასრულებელი დირექტორი იოჰან ლუნგრენი Forbes-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ავიაკომპანია ყოველთვის ცდილობს, მოგზაურობა მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს, ამას easyJet-ის ეფექტიანი და მარტივი ბიზნეს მოდელი ემსახურება, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებზეა მორგებული.

ინტერვიუში საუბარია კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე. მაგალითად, easyJet-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავიაკომპანიამ  მომხმარებლებს შეძენილი ბილეთების საფასური – 1.37 მილიარდი დოლარი დაუბრუნა. ამასთან, შექმნა სპეციალური სამოგზაურო პლატფორმა (COVID Travel Help hub), სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ უარყო easyJet-მა Wizz Air-ის შეთავაზება კომპანიის ყიდვის შესახებ, და გარდაუვალია თუ არა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზარზე კონსოლიდაცია.

„ჩვენ არ დაგვიდასტურებია, თუ ვინ იყო პრეტენდენტი. მაგრამ როგორც ვთქვით, შემოთავაზებაში ჩვენი კომპანია არ იყო სათანადოდ შეფასებული, ამიტომ საბჭომ ერთხმად უარყო წინადადება. და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კონსოლიდაცია გარდაუვალია, მე ვარ ძალიან დარწმუნებული easyJet​-ის, როგორც დამოუკიდებელი ავიაკომპანიის, მომავალში. ჩვენ გამოვალთ პანდემიიდან განახლებული ძალით და მზად ვართ, გამოვიყენოთ განვითარების მრავალი შესაძლებლობა“, – განაცხადა ლუნგრენმა.