Easy Charter-ი მე-5 ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია მოიპოვა.

არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.

ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.

ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.

EASA-ს ავტორიზაციის შემდეგ Easy Charter-თვის ევროპის კარი ფართოდ იღება და მას საქართველოდან ევროპაში რეგულარული რეისების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. Easy Charter-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, რომლიც ექსპლუატაციას უწევს ერთ ერთეულ Airbus A300B4-203F-ს.

საჰაერო ხომალდი ბაზირებულია საქართველოში და რეისების აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი.

Easy Charter-ი რიგით მეხუთე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წელს EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა Georgian Airways-მა და TCA-მ მოიპოვეს, ხოლო 2018 წელს კი ავიაკომპანიებმა GEO SKY-მ და Myway Airlines-მა.

ცნობისათვის, 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არა-ევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.