საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
COVID-19-მა არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად მსოფლიოში მნიშვნელოვნად აზარალა საავიაციო სექტორი, რის გამოც რამდენიმე ავიაკომპანიამ ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 21 მარტიდან დაიხურა და რამდენიმე თვის განმავლობაში რეისებს ძირითადად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურებოდა, სადაც სარეპატრიაციო და ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. აგვისტოს დასაწყისიდან კი გარკვეულ მიმართულებებზე საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა მოხდა,რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახა.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 777 ათას 53 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს, შესაბამისად კლება 81,23%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი კლება 80,22%-ია.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მოცულობა 81,92%-ით შემცირდა. 2020 წლის 9 თვეში აეროპორტმა სულ 537 ათას 220 მგზავრი გაატარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 971 ათას 398 მგზავრი. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81,80%-ითაა შემცირებული.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადის 90,25%-იანი კლებაა.
2020 წლის 9 თვეში რეგულარული და არარეგულარული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 51 ათას 86 მგზავრის მომსახურება მოახერხა და ეს მაჩვენებლებიც ძირითადად 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების ხარჯზეა დაფიქსირებული.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის სამ
კვარტალში აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 524 ათას 68 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის ანალოგიურ
პერიოდში კი 513 ათას 732 მგზავრს, შესაბამისად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 90.06%-ითაა შემცირებული.
71,06%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი სულ 182 217 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში – 629 618 მგზავრს, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი 450 417 მგზავრს. შესაბამისად, 2020 წლის 9 თვეში 2019 წლის 9 თვესთან კლებამ 71.06%-ი შეადგინა, ხოლო 2018 წლის 9 თვესთან შედარებით კი 59,54%-იანი კლებაა.
COVID-19-ის შედეგად შეზღუდვები შეეხო შიდა რეგულარულ ფრენებსაც. თუმცა მისი გახსნის შემდეგ, ზუსტად სეზონის პიკში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო და შესაბამისად შეჩერდა მესტიის აეროპორტის მუშაობაც. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში მესტიის თამარ მეფის საერთაშორისო აეროპორტი 60,91%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში.
საანგარიშო პერიოდში 41,74%-იანი კლება დაფიქსირდა ამბროლაურის აეროპორტშიც. ნატახტარის აეროდრომს კი მგზავრთნაკადი 54,70%-ით შეუმცირდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლება COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
“საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველომ მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო. 2020 წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Air Baltic-მა 5 აგვისტოდან განაახლა, განმარტავენ სააგენტოში.