ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ზამთრის სანავიგაციო პერიოდში სიხშირეების მოცულობას 40%-მდე ამცირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია 2020 წლის 25 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 მარტამდე პერიოდში არსებული სიმძლავრეების მხოლოდ 40%-ით იმუშავებს. 

წინა გათვლების მიხედვით, Ryanair-ი 60%-იანი სიმძლავრეებით ვარაუდობდა ოპერირებას. 

”ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ცენტრალური ევროპიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან და პორტუგალიიდან საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობაზე. ეს კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ნოემბრის და დეკემბრის ჯავშნების რაოდენობაზე”, – აცხადებენ Ryanair-ში.

განახლებული გრაფიკი ითვალისწინებს, რომ “ლოუ-ქოსტერი” არსებული მარშრუტების ქსელის 65%-ს დარაფავს, თუმცა სიხშირეების შემცირებული მაჩვენებლებით.

ფრენების ოპტიმიზაციის ფარგლებში Ryanair-ი ზამთარში კორკში, შენონსა და ტულუზაში ბაზებს დახურავის შესახებ აცხადებს. ასევე ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს ბელგიის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზებზე. 

Ryanair-ს იმედი აქვს, რომ არსებული სქემის ფარგლებში 70%-იან დატვირთულობას შეინარჩუნებს, ანუ თვითმფრინავის ბორტზე 189 ადგილიდან 130 ადგილი დაკავებული იქნება.