COVID-19-ის შედეგად საქართველოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 65%-ით შემცირდება, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა.

“გალტ & თაგარტის” საბაზისო სცენარის მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება, რაც სექტორისთვის 2.1 მლრდ მლრდ აშშ დოლარის დანაკარგია.

“გალტ & თაგარტის” მიერ მომზადებულ კვლევაში განხილულია ვიზიტორებისა და შემოსავლების კლების სამი შესაძლო სცენაირი:

საბაზისო სცენარი (-65% წ/ვიზიტორები, -63% წ/შემოსავლები) – ივლისიდან იხსნება საზღვრები რამდენიმე ქვეყანასთან, ხოლო სექტემბრიდან ქვეყნების რიცხვი ფართოვდება (მეზობლების ჩათვლით).

ოპტიმისტური სცენარი (-55% წ/ვიზიტორები, -50% წ/შემოსავლები) – ივლისიდან იხსნება საზღვრები რამდენიმე ქვეყანასთან, ხოლო სექტემბრიდან ქვეყნების უმეტესობასთან.

პესიმისტური სცენარი (-77% წ/წ ვიზიტორები, -76% წ/წ შემოსავლები) – ივლისიდან იხსნება საზღვრები რამდენიმე ქვეყანასთან და წლის ბოლომდე ამ რიცხვს ქვეყნების მცირე რაოდენობა ემატება.

ამასთან, ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მოლოდინები პესიმისტურია და სექტორი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება.

2020 წელს შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია სექტორში კრიზისის შესამსუბუქებლად, თუმცა მისი წონა მცირეა,  ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია.

ამასთან, შიდა ტურიზმს წაახალისებს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია – საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება.   კრიზისის სავარაუდო ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ტურიზმის სექტორისთვის 200 მილიონი ლარის ანტიკრიზისული პაკეტი არასაკმარისი იყოს, რადგან ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას. პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტურისტების ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ვიზიტორების უმეტესობა საქართველოს საკუთარი ავტომობილით სტუმრობს.