უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlinesი საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით ფრენების განახლებას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. ავიაკომპანია რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ავიაბილეთებზე ტარიფების ზრდას არ განიხილავს.

“1-ლი ივლისიდან საერთაშორისო რეისების დაწყებას ვგეგმავთ საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან კი სხვა ქვეყნებში, კარანტინის შემოღებამდე არსებული განრიგით, თუ შეზღუდვების მოხსნა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება”, აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

SkyUp Airlines-ის ბილეთების საძიებო სისტემაში ამ დროისთვის გაყიდვაშია ავიაბილეთები კიევიდან  ბათუმის მიმართულებით, ხოლო 2 ივლისიდან კიევიდან თბილისის მიმართულებით. ოდესადაან და ხარკოვიდან თბილისის მიმართულებით  ავიაბილეთები უკვე იყიდება 16 ივლისიდან რეისებზე, ხოლო ბათუმის მიმართულებით კი 17 ივლისიდან რეისებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება. თუმცა ამ დროისთვის მთავრობას არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთანაც პირველ ეტაპზე საზღვრებს ხსნის.