EUROCONTROL-ის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეისწავლა საქართველოს საჰაერო მოძრაობის ნაკადები პანდემიის გამოცხადებამდე (11.03.20) და მის შემდგომ. აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის რაოდენობის კლება იანვარ-თებერვლიდან ფიქსირდება (საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან), თუმცა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების მიმართულებით პოზიტიური მაჩვენებლები მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებამდე ნარჩუნდებოდა.

მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 57%-იანი კლება აფრენა – დაფრენის და ამავდროულად 8.2%-იანი ზრდა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით. თუმცა, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში უკვე დაახლოებით 2000-ით ნაკლებმა გადამფრენმა საჰაერო ხომალდმა გამოიყენა ჩვენი საჰაერო სივრცე. ჯამურად იანვარ-მარტში მოფრენის კუთხით დაფიქსირდა 29.4%-იანი კლება, აფრენის კუთხით 28.9%-იანი კლება, შიდა ფრენები შემცირდა 18.8%-ით, ხოლო გადაფრენები გაიზარდა 6.6%-ით.

რაც შეეხება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საერთო მაჩვენებლებს, 2019 წლის მარტში ევროპის მასშტაბით, საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა განისაზღვრებოდა 27 362 ფრენით, ხოლო 2020 წლის მარტის მონაცემების მიხედვით ამავე მაჩვენებელმა 16 128 შეადგინა, რაც 41%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ევროპის მასშტაბით, ყველაზე დაბალი საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა 2020 წლის 5 აპრილს დაფიქსირდა (2 500 ფრენა), რაც რაოდენობრივად 91%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. საერთო ჯამში, 1 მარტიდან დღემდე, ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 000-ით შემცირდა.

მსოფლიოში პანდემიის მიმდინარეობის გათვალისწინებით, პროგნოზები უახლოესი პერიოდისთვის პესიმისტურია. ავიაციის სექტორისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნება მეორე კვარტალი, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან ახანგრძლივებს შეზღუდვებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე.