Georgian Tourism Fair 2020-ი 13-14 მარტის ნაცვლად 22-23 მაისს გაიმართება. მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებაა, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობამ რეკომენდაცია გამოსცა თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა გადაადგილების და ღონისძიებების ჩატარების თავშეკავებისკენ.
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის დაფიქსირების დღიდან, ჩვენ მუდმივად ვიღებდით შეკითხვებს გამოფენაში მონაწილე უცხოელი პარტნიორების მხრიდან, გამოფენაში მათი მონაწილეობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში, ყველა შესაბამისი ადგილობრივი უწყებების მიერ გაიცა რეკომენდაციები თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა გადაადგილების და ღონისძიებების ჩატარების თავშეკავების თაობაზე.
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული მღელვარების გათვალისწინებით და თქვენი, ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოების მხრივ ნებისმიერი შესაძლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება გამოფენის თარიღების ა.წ. 22-23 მაისს გადატანასთან დაკავშირებით.
ეს არის ექსპოჯორჯიას მიერ საერთაშორისო გამოფენის თარიღის გადაწევის პირველი შემთხვევა, რის გამოც ძალიან ვწუხვართ, განსაკუთრებით წლევანდელი გამოფენის უპრეცენდენტო მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით. თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ უსაფრთხოება ნებისმიერ სხვა ღირებულებაზე მაღლა უნდა დავაყენოთ.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ასეთ მოცემულობაში თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ გამოფენის ახალი თარიღები ყველა თქვენგანისთვის მისაღები იქნება”, აღნიშნულია Georgian Tourism Fair-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.