აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო – თბილისი – ბაქოს საჰაერო ხაზზე გაზრდილი სიხშირით იფრენს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 23 ივნისიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ყოველდღიურ ოპერირებაზე გადავა, ხოლო 20 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), Buta Airways-ი ბაქო – თბილისი – ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.
ფრენები Embraer 190 და Airbus 319/ Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით, დღეში ორჯერ განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მიენიჭა. ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წელს შემოვიდა.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.