აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართა, სადაც გუგლის ონლაინ ხელსაწყოების, ფოტო გადაღებებისა და გუგლის რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს. რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები გუგლის რუკაზე კი ორი კვირის განმავალობაში აიტვირთება.

„ძალიან აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოა გუგლის წარმომადგენლებმა აჭარაში. მათ შეძლეს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება. ორი კვირაში რეგიონით დაინტერესებულ პოტენციურ ვიზიტორებს უკვე საშუალება ექნებათ გუგლის რუკის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურონ ძველი ბათუმის ქუჩებში, ჩვენს ეროვნულ პარკებში, სანაპირო ზოლში სარფიდან ქობულეთამდე. ეს ყველაფერი გაზრდის რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას გუგლის პლატფორმაზე, შესაბამისად კი ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.