უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარს, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , 2.65 ათასი ახალი სატვირთო თვითმფრინავი დასჭირდება. აღნიშნულ პროგნოზს Boeing-ი აკეთებს.

„980 ერთეული ახალი საშუალო და დიდი ზომის სატვირთო ლაინერი და 1670 ერთეული მოდიფიცირებული ხომალდი ძველ სატვირთო ხომალდებს ჩაანაცვლებენ, რაც კომპანიებს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემს“, აცხადებენ World Air Cargo Forecast-ის ანალიტიკოსები.

საერთო ჯამში Boeing-ი სატვირთო ლაინერების გლობალური პარკის 70%-ზე მეტით გაფართოებას ელოდება, რის შედეგადაც თვითმფრინავების რაოდენობა 1870-დან 3260-მდე გაიზრდება.

Boeing-ის ინფორმაციითვე, უახლოეს 20 წელში მსოფლიოში ავიაგადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად 4.2%-ით გაიზრდება. სატვირთო გადაზიდვების ზრდის მთავარ ფაქტორად ჩინეთის ბაზრის და ონლაინ ვაჭრობის მოცულობის ზრდას უკავშირებს.

IATA-ს მონაცემებით  საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მზარდია და 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ის 9%-ით გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.