ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებისთვის ბელარუსის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარებაა. საზღვარზე საბუთების არმქონე ათასობით მიგრანტია შეკრებილი, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას.
მედიის ცნობით, ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს და დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება. ბელარუსის მთავრობა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გააფრთხილეს, რომ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა არალეგალი მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები. პოლონეთს ბელარუსთან საზღვარზე 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.